Tuesday, January 1, 2013

ქრისტიან-სოციალისტთა საშობაო გზავნილი


 კარზე მოგვადგა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, და ქართველი ქრისტიან-სოციალისტები ვაფასებთ განვლილ პოლიტიკურ წელიწადს, მომხდარისთვის ვმადლობთ უფალს და რწმენით და სასოებით ვიხედებით მომავლისაკენ.
ჯერ კიდევ შარშანდელ შემოდგომამდე საქართველოში კარგად კონსოლიდებული ავტორიტარული რეჟიმი ბატონობდა, რომლის ცვლილების ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნეოდა (იხ. სოც-დემოკრატების „16 თეზისი“).
მაგრამ რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია ღვთისგან...
სწორედ ოქტომბრის არჩევნებამე ერთი წლის წინ გაჩნდა იმედი ცვლილებებისა და ჩვენც „ქრისტიან-სოციალისტთა საშობაო მიმართვაში“ გამოვთქვამდით რწმენას: „...სურვილი განახლებისა, რომლის დაბადებაც ხალხის შეგნებაში მომწიფდება, აუცილებლად იშვება, მას ვერაფერი შეაჩერებს. ამაოა თანამედროვე ჰეროდეების მცდელობები, წინ აღუდგნენ ცვლილებებს. ისინი ყველანაირი ხერხებით ებრძვიან ხილულ „მესიებს“, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ მათი მტერი ხელშეუხები და უძლეველია. ეს არის ხალხის ნება."http://www.facebook.com/pages/ქრისტიან-სოციალისტური-მოძრაობა/236085123073590).არჩევნების წინ კი,სექტემბრის დასაწყისში,ჩვენ გაზეთში გამოვაქვეყნეთ მოწოდება "საარჩევნო სახელმძღვანელო ქრისტიანთათვის"(იხ.http://www.facebook.com/photo.php?fbid=519429351405831&set=pb.236085123073590.-2207520000.1356931947&type=3&theater).
დიახ, მოხდა სინერგია- ხალხის („ერის და ბერის“)  და ღვთის ნების თანხვედრა - დაიძლია შიში და დიდი უსამართლობა.
„სისტემა უნდა დაინგრეს!“, „სამართლიანობა უნდა აღდგეს!“,“ სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს!“ - აი, განახლებისთვის მებრძოლთა მთავარი ლოზუნგები.
დაწყებულია პროცესი ძველი რეჟიმის დემონტაჟისა და სისტემის ახლებურად - დემოკრატიულად მოწყობისა, შენებისა და არა უბრალოდ „ნგრევისა“, როგორადაც ამას ყოფილნი წარმოგვიჩენენ.
სამართლიანობის აღდგენა, რასაკვირველია, „სიმართლისათვის დევნულთა“ გათავისუფლება-რეაბილიტაციით უნდა დაწყებულიყო (პარლამენტმა დაამტკიცა პოლიტპატიმართა სია).  მიმდინარეობს დამნაშავე ხელისუფალთა მხილების პროცესი... და სადაც დანაშაულია, იქ სასჯელსაც უნდა ველოდოთ.  ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ, მაგრამ დაუსჯელობა დანაშაული იქნებოდა. დასჯა თვითმიზანი არ არის, დასჯა უსამართლობის ჩადენის პრევენციაცაა და  ცოდვების მონანიების შესაძლებლობასაც იძლევა. გვჯერა, რომ სამართლიანი სასჯელი ღვთის მიერ არის დაშვებული. აღსდგება სამართლიანობა - იქნება მშვიდობა!
იწყება სოციალური სამართლიანობის აღდგენაც. პარლამენტმა დაამტკიცა მომავალი წლის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი.
ახლა ჟამია მშვიდობისა, მიტევებისა და სიყვარულით შენებისა (გარდუვალია პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან თანაცხოვრება, სწორი იყო პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებაც).
 სახელმწიფოს გადასაჭრელი აქვს ურთულესი ამოცანები:  დასაძლევია  გაჭირვება (სიღატაკე), უმუშევრობა, ავადმყოფობა, უცოდინრობა და გაუნათლებლობა (მათ შორის - სულიერი), გასაცოცხლებელია სოფელი.
რაც მთავარია, რვთის შეწევნით ჩვენ უნდა შევძლოთ მტრების მოყვრებად მოქცევა-გავამთლიანოთ, გავაძლიეროთ საქართველო!
 უნდა დავიწყოთ განვითარება, განვითარება ჰარმონიული და მდგრადი- ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად დაბალანსებული, ჯანსაღ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დამყარებული.
ჩვენ ჩვენსას შევეცდებით: ერთი თვეა, ჩვენი პარტიის ქრისტიან სოციალისტთა ჯგუფმა დაიწყო ყოველკვირეული შეხვედრები, იგეგმება ჩვენი დღის წესრიგი,  სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დაწყებულია დისკუსიები. ვიწვევთ ყველა დაინტერსებულს, ჩაერთოს ჩვენს საქმიანობაში.
ქართველი ქრისტიან-სოციალისტები გულითადად ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს-ილია II-ს აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80-ე საიუბილეო თარიღს!
ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ერი და სამკვიდრებელი!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას!
ქრისტეშობისთვის  31 , 2012.

No comments:

Post a Comment