ჩვენი სტრატეგიული ხედვა

საქართველოს საზოგადოებას არჩევანისთვის უმნიშვნელოვანეს ზოგად საორიენტაციო ხედვებს და კრიტერიუმებს ვთავაზობთ, რათა მივემხროთ იმ რეალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უფრო მეტად ეთანადება ჩვენს სარწმუნოებრივ-პოლიტიკურ მრწამსს.

 ხელმწიფება - მთავრობის არსებობა ღვთის მიერაა დადგენილი და ადამიანთა თავისუფალი ნებით ხორციელდება. ამიტომაც ეკლესია ლოცულობს ქრისტესმოყვარე (კაცთმოყვარე) მთავრობისა და მხედრობისათვის.
 ყველას ჩვენი წილი მოვალება და პასუხისმგებლობა გვაქვს სამშობლოს (სახელმწიფოს) და მოყვასის წინაშე, რასაც ჩვენი პლიტიკური არჩევანიც განაპირობებს.
ჭეშმარიტმა ქრისტიანმა კარგად უწყის, რომ რწმენა შესაბამისი ქმედებით, საქმით უნდა იქნას დამტკიცებული. ამიტომ არ უნდა ვიყოთ პასიური დამკვირვებლები ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებისა. ქრისტიანის მოქალაქეობრივი ვალია არა მხოლოდ სწორი არჩევანი გააკეთოს, არამედ თავისი უნარის შესაბამისად სასიკეთო ზემოქმედება მოახდინოს სხვებზე და თვითონაც გახდეს აქტიური პოლიტიკური სუბიექტი.
კანონს და ხელისუფლებას იქამდე უნდა ვეთანხმებოდეთ და ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ისინი სამართლიანობას იცავენ, ხოლო უსამართლო-ღვთისთვის არასათნო, არაბუნებრივ კანონებს და ქმედებებს კი ვამხელდეთ და ვაპროტესტებდეთ.
„უკეთუ ხელმწიფე [ხელისუფალი] უმსჯავრო და უსამართლო იყოს, ესე არა ღმრთისა მიერ არს, არამედ თავისა თვისისა დასასჯელად აღსდგების’’ („მცირე სჯულის კანონი“).
ადამიანები თავისუფალი უნა იყვნენ თავიანთი შეხედულებების გამოხატვაში და არ ეშინოდეთ ხელისუფლების მიერ დევნის და დასჯის  სიმართლისათვის.
ყველა საშინაო თუ საგარეო პრობლემის მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზით გადაჭრა არის ქრისტიანთათვის მისაღები და მოსაწონი.

 ადამიანს სახელმწიფოს მეშვეობით უნდა მიეცეს ღვთივბოძებული თავისუფლებისა და სამართლიანობის (თანასწორობის) განხორციელების, თავისი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა.

განათლება - ცოდნის მიღება და მისი ზრდა არის განვითარების გასაღები და უმთავრესი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფოს მოვალეობაა ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი, საშუალო, უმაღლესი და უწყვეტი განათლება. მუდმივად ზრუნავდეს მეცნიერების განვითარებაზე.

ჯანმრთელობის დაცვა  - ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია), – ადამიანის სულიერი განვითარების საწინდარია. სახელმწიფოს როლი შეუცვლელია აღნიშნული პირობების შესაქმნელად.

შრომა - ადამიანისთვის ღვთივდადგენილი ცხოვრების წესია, რომლის მიზანი მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა არ არის, ის ღირსეული სოციალური და სულიერი  ცხოვრების განმსაზღვრელიცაა. შრომის უფლების განხორციელებისთვის ზრუნვა სახელმწიფოს  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.

მიწა (მამული) - ისევე როგორც მთლიანად ბუნება საკრალურია, ამიტომ ჩვენ მას არ ვუყურებთ როგორც მხოლოდ ეკონომიკურ რესურსს, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანს. მიწა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწები, უნდა გახდეს სახელმწიფოსათვის მოვლისა და რეგულირების უმნიშვნელოვანესი საგანი, ხოლო სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა – მისი პოლიტიკის პრიორიტეტი.

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. ჩვენი სულიერი და მატერიალური საგანძურისადმი არათუ უდიერი, არამედ გულგრილი დამოკიდებულებაც კი დაუშვებელია.

დედა-ენა - როგორც უფლისაგან ბოძებული საუნჯე და ერის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნიშანი, ძვირფასია ჩვენთვის. მთავრობა ვალდებულია ზრუნავდეს სახელმწიფო ენის დაცვა-განვითარებაზე.

No comments:

Post a Comment