Thursday, February 7, 2013

განცხადება სოციალისტურ ინტერნაციონალში გაწევრიანების თაობაზე



2013 წლის 4-5 თებერვალს, პორტუგალიაში, ქალაქ კასკაისში გაიმართა სოციალისტური ინტერნაციონალის (მემარცხენე-ცენტრისტულ ძალთა გლობალური გაერთიანება) საბჭოს სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ გლობალური მასშტაბით და მას ასევე დაესწრო რამდენიმე ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკური პირები. საქართველოდან სხდომაში მონაწილეობას იღებნდენ სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი და პარტიის საერთაშორისო მდივანი ბაქარ ბერეკაშვილი.  ქართველი სოციალ-დემოკრატები აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალისტურ ინტერნაციონალთან, როგორც მემარცხენე-ცენტრისტულ ძალთა გლობალურ ქსელთან და ასევე უშაულო კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს მის წევრ პარტიებთან, განსაკუთრებით ევროპულ დონეზე. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, სოციალისტურმა ინტერნაციონალმა მიიღო გადაწყვეტილება სოციალ-დემოკრატების წევრად მიღებასთან დაკავშირებით და მოგვანიჭა კონსულტანტი წევრის სტატუსი. დღეიდან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია შეუერთდა  მსოფლიოში ყველაზე დიდ მემარცხენე ძალთა გაერთიანებას, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის კუთხით.

გარდა ამისა, სხდომაზე სოციალ-დემოკრატებმა შეხვედრები გამართეს სხვადსხვა პარტიების წარმომადგენლებთან და მათ ლიდერებთან, კონკრეტულად - უნგრელ, ბულგარელ, შვედ და რუს კოლეგებთან. ასევე, გია ჟორჟოლიანი და ბაქარ ბერეკაშვილი შეხვდნენ სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალურ მდივანს ლუის აილას და ორგანიზციის ვიცე-პრეზიდენტს მარიო ნალპანტიანს. გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტის წევრ კრისტიან ვიგენინთან.  გია ჟორჟოლიანი შეხვდა შვედეთის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ საბჭოს სხდომაში. შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ჩვენ, ქართველ სოციალ-დემოკრატებს გვსურს  საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ეს მნიშვნელოვანი წარმატება მივულოცოთ პარტიის ყველა წევრს და მის მხარდამჭერს.

No comments:

Post a Comment